"რუსთავის საკრებულოში ისევ დაიკარგება მოქალაქეების ხმა"

2024-04-19 16:38:18

"5 კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობდა ოპოზიციური წარმომადგენელი, ალბათ შეიცვლება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებით. ამასთანავე, საკრებულოს თავმჯდომარედაც ალბათ განისაზღვრება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი", - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ნათია შელეგიამ განაცხადა.

შელეგია ვარაუდობს, რომ კომისიებისა და საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე, ოპოზიციონერებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ.

"რუსთავის საკრებულოში უმრავლესობაში იყო ოპოზიცია და შევძელით ისეთი პრეცედენტების შექმნა, რომ მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, განვიხილავდით მნიშვნელოვან პროექტებს და ვამტკიცებდით მათ.

მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებული პროექტები არ მტკიცდებოდა მხოლოდ ხელის აწევით, ჩვენ მას განვიხილავდით, ვმსჯელობდით, ვახდენდით ანალიზს და ვაფასებდით რისკებს. დამეთანხმებით ალბათ, რომ მმართველი პარტია, ისევე როგორც ჩვენი ქალაქის მერი, არ არის მიჩვეული კრიტიკას და თავიანთი სურვილების დათმობას ქალაქის ინტერესების სასარგებლოდ. ამ პროცესში, ჩვენ მუდმივად ვხედავდით, რომ ყველა მნიშვნელოვან პროექტზე, თანამშრომლობას ახერხებდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან.

5 კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობდა ოპოზიციური წარმომადგენელი, ალბათ შეიცვლება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებით. ამასთანავე, საკრებულოს თავმჯდომარედაც ალბათ განისაზღვრება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი და ისევე დაიკარგება რუსთავის საკრებულოში რუსთაველი მოქალაქეების ხმა, როგორც დაიკარგა რუსთავის მერიაში", - განაცხადა შელეგიამ.

მისივე თქმით, ფრაქციას აქვს მოლოდინი, რომ ცვლილებებისთვის საჭირო 2 ხმას, "ქართული ოცნება" ოპოზიციისგან ფარული მოლაპარაკებების საფუძველზე მიიღებს.

შეგახსენებთ, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" რუსთავის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები