ბრიფინგი შს სამინისტროში

2024-05-02 01:03:25

აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის გამოყენებით, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობაში მყოფ პოლიციელებზე, - ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ძალადობრივი ქმედებების შედეგად" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დაშავდა.

"საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერით თვალს ადევნებდა, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციის გამოყენებით, ასევე გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობაში მყოფ პოლიციელებზე. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა. ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი, რომელთაგან ერთს ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ და მხუთავ აირებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაში და ეზოში განთავსებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ესვრიან. ასევე, საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერას",- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.