რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის ყიდვის დროს

2024-05-03 19:45:47

რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.

ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.

აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.

ახალაშენებულ კორპუსებში ბინის შეძენის დროს გასათვალისწინებელ საკითხებზე იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, ბინის შეძენის მსურველებმა პირველ რიგში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი უნდა მოითხოვონ და ის საჯარო რეესტრში გადაამოწმონ.

"პირველი, რაც უნდა გააკეთოს, უშუალოდ სამშენებლო კომპანიისგან უნდა მოითხოვოს უძრავი ქონების საკადასტრო კოდი და ამის გადამოწმება უნდა მოხდეს საჯარო რეესტრში. ამით ჩვენ ვნახავთ არის თუ არა უძრავი ქონების მესაკუთრე კონკრეტული სამშენებლო კომპანია რეგისტრირებული. ასევე, ვნახავთ არის თუ არა რაიმე უფლება ან ვალდებულება ამ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე

მეორე - უნდა დავინტერესდეთ ბინის ან კონკრეტული უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობით. მაგ: ხომ არ ადევს იპოთეკა, ხომ არაა გარკვეული ვალდებულება დადებული ან თვითონ სამშენებლო კომპანიას ხომ არ აქვს ყადაღა",- აღნიშნა იურისტმა.

მისი თქმით, მომდევნო ნაბიჯი, სამშენებლო ნებართვის გადამოწმებაა.

"სანამ ხელშეკრულებამდე გადავალთ, ბინის ყიდვის მსურველმა უნდა შეამოწმოს სამშენებლო ნებართვა გაცემულია თუ არა. ეს შეუძლიათ ძალიან მარტივად, ამ კომპანიის საკადასტრო კოდის ან სახელის გამოყენებით შეგიძლიათ ნახოთ ამავე კომპანიის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვა.

სასურველია ბინის შეძენის მსურველმა შეამოწმოს, კომპანია არის თუ არა მოვალეთა რეესტრში. კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდის მეშვეობით, მოითხოვონ ინფორმაცია კონკრეტული კომპანია არის თუ არა მოვალეთა რეესტრში, აქვს თუ არა რაიმე საფინანსო ან საგადასახადო პრობლემები, ვინაიდან იყოს დაზღვეული და დაცული, რომ რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი არ ჰქონდეს სამშენებლო კომპანიას ბინის გადაფორმების დროს", - განმარტა გვანცა ჟორჟოლიანმა.

იურისტმა ასევე განმარტა, რა უნდა იყოს გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებისას და რა უნდა იყოს ჩადებული ხელშეკრულებაში, მყიდველის ინტერესების დასაცავად.

"მნიშვნელოვანია ხელშეკრულებაში ზუსტად იყოს გათვალისწინებული, რა მდგომარეობაში აბარებს სამშენებლო კომპანია ბინას და არა მხოლოდ ბინას, იმ კორპუსსაც, რომელშიც ეს ბინა მდებარეობს.

ძალიან ხშირად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებში, პასუხისმგებლობის მხარეში მხოლოდ დეველოპერს უწერია, რომ თუ მხარე  დაარღვევს გადახდის პუნქტს, ის აკისრებს პასუხისმგებლობას გარკვეული პროცენტებით. თუმცა, ძალიან იშვიათადაა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც  წერია მე სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ის დაარღვევს

ხელშეკრულებას და არ შეასრულებს ვადაში სამშენებლო დანაპირებს. ამიტომ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულებაში სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობაზეც ჩაიწეროს",- აღნიშნა სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, შეუძლია თუ არა, დაინტერესებულ პირს შეიძინოს უძრავი ქონება, თუ კონკრეტულ შემთხვევებში, უძრავი ქონება არაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

"კანონი ითვალისწინებს მსგავს შემთხვევებს და სამშენებლო კომპანიებიც ხშირად იყენებენ ამას.

სამშენებლო კომპანია, სანამ გარკვეული ტიპის ზღვრამდე არ ააშენებს კარკასს, ცდილობს რომ მხოლოდ განშლა დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში. (ესაა გარკვეული ჩამონაწერი, რამდენი კვადრატია, რომელ სართულზე რამდენი ბინაა და ა.შ.)  ამ დრომ ბინის მყიდველს არეგისტრირებენ, როგორც მომავალ მესაკუთრეს.

როდესაც ბინის მყიდველები მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ბინის შეძენა უნდათ, მაგრამ  უძრავი ქონება არ იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული,

სამშენებლო კომპანიასთან არ დადონ ძირითადი ხელშეკრულება, დადონ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება . წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია რომ შეწყვიტოს ხელშეკრულება და არ გააფორმოს ძირითადი ხელშეკრულება",- განაცხადა იურისტმა.

მისი თმით, ბინის შეძენისას დადებული ხელშეკრულება შესაძლოა გაფორმდეს როგორც საჯარო რეესტრში, ისე ნოტარიუსთან. მათ შორის არის განსხვავებები, თუმცა უფლებრივად და სამართლებრივად ორივე ერთია.

როგორც მან აღნიშნა "ჯობია თავში წავიკითხოთ ხელშეკრულება, ვიდრე შემდეგ ძალიან დიდი დრო დავკარგოთ სასამართლოში".

 

რადიო კომერსანტი