რუსთავში არსებულ საჯარო სკოლებში დირექტორები იცვლებიან. პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, რომელი სკოლის დირექტორის პოზიციას ვინ დაიკავებს, ამას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამეურვო საბჭოები გადაწყვეტენ.
"ყველა საჯარო სკოლაში იქნება სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი, გარდა მე-8 და 26-ე საჯარო სკოლისა.
ამ პროცესში ერთ-ერთი ეტაპი გახლდათ სერთიფიცირება დირექტორობის მსურველთათვის, ეხლა კი გამოცხადდა კონკურსი. კონკურსის გამოცხადება ნიშნავდა იმას, რომ გასაუბრება უნდა გაევლოთ კომისიასთან. შემდეგ უკვე ხდება წარდგინება სამეურვეო საბჭოების წინაშე და როდესაც დაინიშნება არჩევნები, ეს კანდიდატები წარდგებიან სამეურვეო საბჭოსთან. ასე ხდება მათი არჩევა ან არ არჩევა", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
იმას, თუ რომელ სკოლაში ვინ იქნება წარდგენილი, სამინისტრო გადაწყვეტს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება, სამეურვეო საბჭოს კენჭისყრის შედეგად იქნება მიღებული.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს სკოლის დირექტორობის მსურველებმა სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარეს. გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ 755 პირი გადავიდა.
კანონის მიხედვით, სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატი სამინისტრომ იმ სკოლას უნდა წარუდგინოს, სადაც კანდიდატს თავად სურს მუშაობა.
თუ სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან (მინიმუმ 3 კანდიდატი) სკოლა არც ერთს არ აირჩევს, მაშინ სამინისტროს უფლება აქვს, დირექტორი თავად დანიშნოს.
ამ დროისთვის საჯარო სკოლების უმრავლესობას არა არჩეული, არამედ სამინისტროს მიერ დანიშნული მოვალეობის შემსრულებელი დირექტორები მართავენ.
"ინფო რუსთავი" აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გარკვევას ცდილობს და ეტაპობრივად მოგაწვდით.