აქციის დარბევისას 63 პირი დააკავეს

2024-05-01 10:58:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ დღეს, 1-ელ მაისს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

დარახველიძე ირწმუნება, რომ აქციის მონაწილეები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გაცდნენ, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათზე ძალადობდნენ.

დარახველიძის ცნობით, დაშავებულია 6 პოლიციელი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება 63 დაკავებულს, როგორც შს მინისტრის მოადგილემ თქვა, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.

„მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა, რომ არ მოეხდინათ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება და პროტესტის გამოხატვა გაეგრძელებინათ კანონით დადგენილ ფარგლებში, აქციის ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა მითითებებს და განაგრძობდნენ შესასვლელების განზრახ ბლოკირებას, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოლიციამ უზრუნველყო პარლამენტის შენობის გამოსასვლელის გათავისუფლება და ადგილზე პოლიციის კორდონის განთავსება, რათა პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ. პოლიციამ უზრუნველყო დეპუტატების უსაფრთხო გაყვანა,“ — განაცხადა დარახველიძემ. მისივე თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

შს მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პარლამენტის დეპუტატსა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე, რომელსაც გასულ ღამეს სასტიკად გაუსწორდნენ.

„ხაბეიშვილი პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება,“ — თქვა შს მინისტრის მოადგილემ.